რეაგირება უნდა იყოს სწრაფი და შეუბრალებელი - ირაკლი ალასანია ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა,“ - ამ სიტყვებით ირაკლი ალასანიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ალასანიას შეფასებით, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები.
“ეს ყველაფერი რომ მოხდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამან საშინლად გამაცოფა. სასწრაფოდ, საგანგებოდ მისაღებია ზომები. თუ იქ პოლიციელი იდგა, მისი ვალი იყო, სასწრაფო რეაგირება გაეკეთებინა და ცეცხლი გაეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც საქვეყნოდ დახვრიტა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანია ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე საუბრობს, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
„ჩვენ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ვაგოთ პასუხი, ასეთია შეთანხმება. მოხდა დახვრეტა ჩვენი მოქალაქის. ამიტომ რეაგირება უნდა იყოს სწრაფი და შეუბრალებელიც. ამიტომ ჩვენ პასუხი ცეცხლით უნდა გავცეთ იმ ადამიანებს, ვინც თვალწინ ჩვენ მოქალაქეებს გვიკლავენ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.