გიგა ოთხოზორიას მკვლელი რუსი ოკუპანტის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია
31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი კადრებში კარგად ჩანს, რომ რუსი სამხედრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის და ოთხოზორიას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობას აყენებს. მათ შორის ახდენს საკონტროლო გასროლას.
ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, მათთვის მკვლელის ვინაობა უკვე ცნობილია. სოციალურ ქსელში რუსი სამხედროს ფოტოსურათიც ვრცელდება. თუმცა, მონაცემების გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში მისი სოციალური ქსელის პროფილიდან ყველა სურათი და პირადი ინფორმაცია გაქრა.
ის, რომ დამნაშავის ვინაობა ცნობილია, დღეს უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემაც დაადასტურა.
პატრულირებასთან დაკავშირებით ლევან იზორიას განცხადების მიუხედავად, სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ახლომახლო არავინაა ისეთი, ვინც რუს ოკუპანტს წინააღმდეგობას გაუწევდა. სწორედ ამის გამო, მკვლელობის შემდეგ რუსი სამხედრო საოკუპაციო ხაზთან აუჩქარებლად ბრუნდება.
ყოფილი სპეცრაზმელები იხსენებენ, რომ მსგავსს ქმედებას რუსი ჯარისკაცები ადრე ვერ ბედავდნენ. თუმცა, 2012 წლის შემდეგ ბლოკ-საგუშაგოები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ან გაუქმდა ან იმდენად დაშორებულია საოკუპაციო ხაზს, რომ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე ვეღარ ახდენენ.
ერთადერთი ოფიციალური პირი, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახთან გამოჩნდა, უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. ხელისუფლების სხვა არც ერთი წარმომადგენელი სამეგრელოში არ გამოჩენილა.
ავტორი: ეკა გაგუა