ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გასაპროტესტებლად ივანიშვილის სახლთან მისული აქციის წევრები დააკავეს
დაკავებებით დასრულდა აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გუშინ, გვიან საღამოს, 9 საათიან კურიერში დანაშაულის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გააპროტესტა.
სამართალდამცველებმა შეკრების 10 მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულები თავისუფლები არიან.
„ოკუპანტებმა ესროლეს არა მხოლოდ გიგა ოთხოზურიას, არამედ ესროლეს ქართულ სახელწმიფოს და მის მოქალაქეებს, ამიტომ ეს ჩვენი საერთო ტკივილია. ბუნებრივია, ჩვენ შევიკრიბეთ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივაიშვილის, ე.წ. ბიზნესცენტრთან, რადგან მიგვაჩნია, რომ პუტინის ხელდასმული მონა და ასევე ხელდასმული მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრმა, დავით გოგოხიამ.
შსს დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მათ ჯარიმის სახით 80-80 ლარის გადახდა დაეკისრათ.