პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას პასუხობენ
პასუხის პასუხი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას გამოეხმაურნენ. განცხადება გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა გააკეთა.
კახა კოჟორიძის განმარტებით, კითხვები ისევ არსებობს, თუმცა საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია საზოგადოების დაცულობის კუთხით მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში ამ საკითხის ირგვლივ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრაც იგეგმება.
"ცხადია, კითხვები კვლავ არსებობს, მაგრამ მოწოდებული ინფორმაცია აღემატებოდა იმ ინფორმაციას, რაც აქამდე საზოგადოებას გააჩნდა," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
გიორგი მარგველაშვილის მიმართვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ პროკურატურამ წამების საქმეების სტატისტიკა გუშინ გაასაჯაროვა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მოქმედი ხელისუფლების პირობებში გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე და სისხლის სამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ.