სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს
ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი შეცვლა სურს, მინისტრი ეხმაურება.
მინისტრმა ბრალდებები უარყო. მან განაცხადა, რომ ის კატეგორიულად გამორიცხავს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას.
ხეჩიკაშვილს არ დაუკონკრეტებია ფინანსური დეტალები, რომელიც მთავარ მწვრთნელს და სპორტის სამინისტროს შორის არსებობს.
მინისტრმა დაადასტურა შეხვედრა კახა ცხადაძესთან, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ იყო ფორმალური შეხვედრა და მინისტრი ადასტურებს, რომ ის მომხრეა, თითოეულ ფედერაციას, თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ხელფასი მიღწეული შედეგების მიხედვით განესაზღვროს.
„არ არის კახაზე საუბარი. სამინისტროს პოზიცია მე გავაჟღერე თავის დროზე, როდესაც სიჭინავა იყო პრეზიდენტი. მაშინ რა გამოდის, მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს, ჩემთვის არის მთავარი, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ შეგვძლია ასობით ათასი ვუხადოთ არა მარტო მწვრთნელებს, მე მგონია, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. თუ ფედერაციას აქვს ამის რესურსი, მოიძიოს და გადაუხადოს,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში არ იმყოფებიან და მათი პოზიცია უცნობია.
ავტორი: დავით ერაძე.