ზელენსკი: რუსეთი შეეცდება ლუკაშენკას ომში ჩათრევას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის სამხედრო ქმედებებში ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების შემდეგ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედროები ამჟამად ფრონტზე ძალების გადაჯგუფებას ახორციელებენ. „ეს უფრო ნათელს ხდის, თუ რატომ გაზარდეს შეიარაღებულმა ძალებმა აქტივობა ბელარუსის ტერიტორიაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კერძოდ, უკრაინული დაზვერვის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მიმართულებით გზები შენდება და ხდება საარტილერიო პოზიციების აღჭურვა.
ზელენსკის თქმით, მან შესაბამის არხებს დაავალა, „ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინათ იმის შესახებ, რომ უკრაინა მზად არის, დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა“. „ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული
მოვლენების ხასიათი და შედეგები ბელარუსის ხელმძღვანელობისთვის გაფრთხილება უნდა იყოს, რომ შეცდომები დაუშვებელია“, - დაწერა ზელენსკიმ და მიანიშნა აშშ-ის მიერ იანვრის დასაწყისში განხორციელებულ ოპერაციაზე, როცა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს და შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს ძალის გამოყენებით.
მინსკს ზელენსკის სიტყვებზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.