ლავროვი მადიარის მომავალ გუნდთან ურთიერთობაზე: დამოკიდებულია იმაზე, როგორ ესმის თავისი ეროვნული ინტერესები
„გვსურს შევხედოთ კონკრეტულ საქმეებს. მზად ვართ ურთიერთობების განსავითარებლად ნებისმიერ ქვეყანასთან, თუკი ეს ურთიერთობები თანასწორუფლებიანია, ურთიერთსასარგებლოა და ეფუძნება ინტერესთა ბალანსის ძიებას. ყველაფერი დანარჩენი არის „დამატება“’, - განაცხადა 13 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან დააზუსტა, რა განსაზღვრავს უნგრეთის მომავალ მთავრობასთან ურთიერთობებს:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ესმის ამ მთავრობას თავისი ეროვნული ინტერესები".
13 აპრილის პრესკონფერენციაზე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის მოხარულია კრემლის განცხადებით უნგრეთის არჩევნების შედეგების პატივისცემასა და მისი მხრიდან რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების მოლოდინზე - „შემიძლია ეს დავადასტურო, ევროპის ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, რომლებსაც აქვთ პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, რადგან გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთზე ენერგორესურსების მხრივ, რადგან უკიდურესად ძვირიანი ატომური ელექტროენერგიის განვითარება ხდება. თუმცა, ჩვენ გადავხედავთ ყველა კონტრაქტს. აუცილებლობის შემთხვევაში, თავიდან მოვილაპარაკებთ. აუცილებლობის შემთხვევაში, გავწყვეტთ“.
საკუთრივ პუტინზე კი მადიარმა განაცხადა:
„თუ ვლადიმირ პუტინი დამირეკავს, ყურმილს ავიღებ. თუმცა, თავად არ დავურეკავ. თუ თავად დამელაპარაკება, მე შემიძლია მას ვთხოვო, შეწყვიტოს ხოცვა ოთხი წლის შემდეგ, შეწყვიტოს ომი. ამას მათთვის არ ექნება მნიშვნელობა. ათეულობით და ასობით ათასი რუსი დაიხოცა და დაინგრა ოჯახები, მათ შორის უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი ოჯახები განადგურდა, როცა მათ ქალაქებს მომბავენ, აუპატიურებენ და ა.შ.. მაგრამ, ესაა, რასაც მას ვეტყვი და ვფიქრობ, ეს ძალიან ხანმოკლე საუბარი იქნება. ვშიშობ, ის ჩემი რჩევით არ იმოქმედებს და არ შეწყვეტს, მაგრამ იმედი მაქვს ის იძულებული იქნება მალე დაასრულოს ომი“.
მადიარის თანახმად, მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციისთვის ორი მიზეზით: ერთი - „ეს მოგვცემს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოუსაფრთხოება არის უნგრეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და მეორე - ამ გზით არის შესაძლებელია ნავთობისა და გაზის ყველაზე დაბალ ფასად შეძენა. ამის ახსნას ვცდილობდი „ფიდესის“ პროპაგანდისტებისთვის: თუ ფორთოხალს ყიდულობ სამი ადილიდან - აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან, გეოპოლიტიკური კონფლიქტის ან ომის დროსაც კი შეგეძლება ფორთოხლის იაფად ყიდვა, რადგან შენი წყაროები ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან. იგივე ეხება ნავთობსა და გაზს“.