გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს პოლონეთს საფრთხის შემთხვევაში
![გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს პოლონეთს საფრთხის შემთხვევაში](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-8eaa-08db426a231f_w800_h450.jpg)
გერმანია მხარს დაუჭერს პოლონეთს, თავის მოკავშირეს ნატოში, იმ შემთხვევაში, თუ ვარშავას მეზობელი ბელარუსის ტერიტორიიდან სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ თავდასხმის საფრთხე შეექმნება.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, როგორ რეაგირება ექნებოდა გერმანიას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში.
„ჩვენ ყველანი ერთად ვართ, მჭიდროდ კოორდინაცია გვაქვს არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრების დონეზე, არამედ სხვა შემთხვევებშიც. როდესაც ჩვენი პოლონელი მეგობრები დახმარებას ითხოვენ, თუ ყველაზე უარესი მოხდება, ისინი მიიღებენ ამას“, - უპასუხა პისტორიუსმა ჟურნალისტის შეკითხვას.
„ვაგნერის" წევრები ბელარუსში გასულ თვეში ჩვიდნენ, მათი სამხედრო ფორმირების სარდლობის მიერ ორგანიზებული მოკლევადიანი აჯანყების შემდეგ. დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი ვიდეოკადრებში გასულ ოთხშაბათს გამოჩნდა და ბელარუსში მყოფ „ვაგნერის“ წევრებს მიესალმა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მისი ჯარები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ პოლონეთის საზღვართან.
პოლონეთის სახელმწიფო სააგენტო PAP-მა, პოლონეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ზბიგნევ ჰოფმანზე დაყრდნობით, პარასკევს განაცხადა, რომ პოლონეთის არმიის ქვედანაყოფები ქვეყნის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადანაწილდება.
ჰოფმანმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაზჩაკმა ბელარუსში მყოფი „ვაგნერის“ ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი სავარაუდო საფრთხის გამო.
21 ივლისს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გამოიძახებს რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სტალინმა პოლონეთს ვითომდა მიწა „აჩუქა“.
„სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე. ისტორიული სიმართლე ეჭვგარეშეა. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს დაადანაშაულა პოლონეთი და თქვა, რომ ის, სავარაუდოდ, გეგმავს ომში „პირდაპირ ჩარევას“ და უკრაინისგან ტერიტორიების ნაწილის წართმევას.
CNN-ის ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთს ბელარუსის ტერიტორიის ნაწილის ანექსია სურს.
21 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრი ქვეყანა - პოლონეთი, დაადანაშაულა იმაში, რომ მას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში და განაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი და ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად.