ISW: გირკინის დაკავება კრემლის დაჯგუფებებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებას ადასტურებს
ომი შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი ე.წ თავდაცვის მინისტრის იგორ სტრელკოვ-გირკინის დაპატიმრება „კრემლის დაჯგუფებებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიანიშნებს“.
როგორც ISW-ის ანგარიშშია ნათქვამი, შესაძლოა, სახეზე იყოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) რეპუტაციის გაფუჭების მცდელობები, რომელშიც გირკინი მსახურობდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გირკინი 21 ივლისს დააკავა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ დაკავების პროვოცირება შესაძლოა მოეხდინა „ვაგნერელთა“ დაჩივლებას გირკინის შესახებ.
„ერთ-ერთი წყარო ადასტურებს, რომ დაკავება უკავშირდება ხელისუფლების მიერ რუსი „პატრიოტების“ დევნას, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიმართ არალოიალურად მიიჩნევიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ISW წერს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ მოიპოვა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, რუსეთის ხელისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სავარაუდოდ, დავალება მიიღო, „რეპრესიული ზომები მიიღონ ყველა შეშლილის, მათ შორის, სტრელკოვა-გირკინის“ მიმართ“.
როგორც ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში აცხადებენ, გირკინს, სავარაუდოდ, მხარს უჭერს უშიშროების ერთ-ერთი ჩინოვნიკი, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან (FSB), რომელმაც თავისი ინტერესები გირკინის გამოყენებით გააძლიერა.
ISW-ის ცნობით, დოკუმენტში ასევე ნახსენებია რამდენიმე ცნობილი პროპაგანდისტი, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, ცნობილი ბლოგერები, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ევგენი პრიგოჟინი.
შეგახსენებთ, რუსეთში ცნობილი დონბასელი სეპარატისტის იგორ გირკინის დაკავების შესახებ ცნობა 21 ივლისს გავრცელდა. მისი ცოლის, იაროსლავა რეგინსკაიას ინფორმაციით, მათთან სახლში დაახლოებით 11.30-ზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ და იგორ გირკინი დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. მას ბრალი „ექსტრემიზმისკენ მოწოდების“ ბრალდებით წაუყენეს.
გირკინს რუსეთის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.