ათასობით ადამიანი იერუსალიმისკენ მიემართება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად
![ათასობით ადამიანი იერუსალიმისკენ მიემართება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-ec36-08db882868a8_w800_h450.jpg)
ისრაელში დაახლოებით ათი ათასი ისრაელელი შეუერთდა საპროტესტო მსვლელობას სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - ისინი მესამე დღეა თელავივიდან იერუსალიმისკენ მიემართებიან.
Associated Press-ის ცნობით, ოთხკილომეტრიანი კოლონა, ეროვნული დროშებით ხელში, ისრაელის მთავარი მაგისტრალს მიუყვება.
ჰაერის ტემპერატურა გზაზე დაახლოებით 35°C-ია. ქალაქებს შორის მანძილი კი 60 კილომეტრზე მეტია.
აქციის მონაწილეებმა გზაში ორი ღამე გაათენეს და გეგმავენ იერუსალიმში ჩასვლას შაბათს საღამოს, 22 ივლისს.
იქ ისინი აპირებენ კარვების გაშლას ისრაელის პარლამენტის წინ და იქ დარჩენას სასამართლო რეფორმის კენჭისყრამდე, რომელიც სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ხელისუფლების გეგმას ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციის თაობაზე.
მხოლოდ ივლისში ისრაელში ათასობით დემონსტრაცია და გაფიცვა გაიმართა. ათასზე მეტმა რეზერვისტმა სამხედრო სამსახურის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ულტრა ნაციონალისტი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ საჭიროა რეფორმა მოსამართლეთა „გადაჭარბებული“ უფლებამოსილების შესაზღუდად.
რეფორმის ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ის გამოიწვევს სასამართლო კონტროლის შემცირებას ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და სასამართლოები რეალურად დაკარგავენ დამოუკიდებლობას.
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი 2023 წლის მარტშიც გაიმართა. ერთ დღეში, 26 მარტს, ისრაელის ქუჩებში 600 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა. შემდეგ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა სასამართლო რეფორმის განხილვა ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) ზაფხულის სესიამდე გადაედო.