ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულ მაღაროელებზე: ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული
„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის. ათმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა.
ისინი ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნები ხელფასის ზრდის გარდა, მოიცავს:
2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება; დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება; ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება; ულუფის გაუმჯობესება; უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.