ვიქტორ ჯაფარიძე: ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ. დაველოდოთ სასამართლოს
მე არაფერს არ ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილებამდე – აცხადებს POSTV-ის მფლობელი, ხალხის ძალის დეპუტატი ჯაფარიძე, მისი ტელევიზიის ხელმძღვანელზე საუბრისას. მაშინ როდესაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული შალვა რამიშვილის საქმეზე შსს გამოძიებას არ იწყებს, ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება: “დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აბა ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ. სასამართლოს მიმართონ,სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი.” ამბობს ჯაფარიძე “ტვ პირველთან” საუბარში და აცხადებს რომ არ აპირებს რამიშვილის გათავისუფლებას.
გარდა ამისა, ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ სასამართლოს ენდობა, რადგან რეიტინგებით, ის მოწინავე 18 ქვეყანას შორისაა.
“სასამართლომდე ასე ადამიანის აპრიორი გამტყუნება მიუღებელია, 65-იც [ქალი] რომ იყოს, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ვისაუბროთ,” – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
მას არც საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება მოეწონა და პრეტენზია გამოთქვა, რატომ არ დაიცვა ჟურნალისტი ნათია ბერიძე, რომელსაც მისივე მტკიცებით, ხელი აქვს მოტეხილი.