ვიოლა ფონ კრამონი: "დროა, ქართველებისგან მაგალითი ავიღოთ"
“ქართველი ხალხი ძალიან არ ჰგავს მის ხელისუფლებას. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში” - თქვა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
ის სიტყვით გამოდიოდა ევროპის პარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც დეპუტატები წინა კვირას საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებდნენ. ფონ კრამონმა, რომელიც ევროპალამენტში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ცხადე კრიტიკოსია, ხელისუფლება "ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟში" დაადანაშაულა.
"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე თავი მოითხოვს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში. თუმცა ხელისუფლება აყენებს ერთ ოლიგარქისა და კრემლის ინტერესს ამ კონსტიტუციაზე მაღლა" - თქვა ევროპარლამენტარმა.
მან მიულოცა ქართველ ხალხს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის ჩაგდება და საქართველოში გამართულ დემონსტრაციებს სამაგალითო უწოდა.
"დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს." - დასძინა მან.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ის უცხოეთიდან 20%-ით მაინც დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა, თუ მედიას "უცხოეთის აგენტად" აცხადებდა". ამას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა. ორდღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.