ანა წითლიძე: მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც წლებია სარგებლობენ დასავლური გრანტებით, იმისთვის, რომ …
მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც წლებია სარგებლობენ დასავლური გრანტებით, იმისთვის, რომ “რუსულმა ოცნებამ” უკან დაიხიოს, არსებობს ერთადერთი გზა, რომ თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში არც ერთი დასავლური გრანტი აღარ შემოვა. წითლიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მოქალაქეებს, რომლებიც გრანტებით ფინანსდებიან, შეხვედრას და მხარდაჭერას სთავაზობს.
“რუსულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში დააინიცირა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ამ ქვეყანაში, არამედ საარსებო მინიმუმის მოსპობა საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც სწორედ დასავლური გრანტების და დონორი ორგანიზაციების წყალობით არიან მცირე და საშუალო ბიზნესში. დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციებით ამ ქვეყანაში ფინანსდება უამრავი სფერო, ფინანსდებიან: მეფუტკრეები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, ხელნაკეთი და კერძო საამქროები, საცხობები, სილამაზის სალონები, ფაქტობრივად არ არის სფერო, სადაც მათი დახმარებით არ ხდება ხელშეწყობა ადამიანების მცირე და საშუალო ბიზნესში. დასავლური გრანტებით აშენდა არაერთი სკოლა, ბაღი, სოფლის გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. ამიტომ მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წლებია სარგებლობენ დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იმისთვის, რომ “რუსულმა ოცნებამ” უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის ის, რომ თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა, რადგან ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს უკან დაახევინოს “რუსულ ოცნებას”. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს პროტესტს, ნებისმიერი ფორმით გამოხატულს, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ თითოეულ თქვენგანს, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამ რუსული კანონის შეჩერება, რადგან ამ კანონის მიღება ნიშნავს არა მხოლოდ თქვენს შეურაცხყოფას, არამედ იმას, რომ არც ერთი დონორი ორგანიზაცია და დასავლური გრანტი ამ ქვეყანაში არ იქნება,”- განაცხადა წითლიძემ.