ორი ამერიკელი დააკავეს რუსეთისთვის საავიაციო ტექნიკის გადაცემის ბრალდებით
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კანზას-სიტიში დააკავეს ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სანქციებისთვის გვერდის ავლით, რუსეთისთვის საავიაციო ტექნოლოგიების გადაცემაში. მათი დაკავების შესახებ განაცხადა შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა მეთიუ აქსელროდმა, რომელსაც საქმის დეტალები არ დაუკონკრეტებია
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული არიან კომპანია Kanrus Trading Company-ის მფლობელები, 59 წლის კირილ ბუიანოვსკი და 55 წლის დუგლას რობერტსონი. კომპანია დასავლური წარმოების საავიაციო ტექნიკას აწვდიდა რუსულ კომპანიებს და ასევე, არემონტებდა დანადგარებს რუსული წარმოების სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ბუიანოვსკის და რობერტსონს ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბებაც. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილებმა გასული წლის მაისში, ივნისში და ივლისში, ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული ტექნიკა რუსეთში გაგზავნეს სომხეთის და კვიპროსის გავლით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბუიანოვსკის და რობერტსონს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატების მიერ ამოქმედებული სანქციები მოიცავს რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვასაც.