დის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ დის მკვლელობაში ბრალდებულ ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ გამოაცხადა.
ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან გირაოს ითხოვდა.
სახელმწიფო ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, რაც მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით დაასაბუთა.
მოსამართლე მარიკა ცერცვაძე პროკურატურის შუამდგომლობას, მხოლოდ მიმალვის საფრთხის ნაწილში არ დაეთანხმა, ბრალდების პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებულმა, სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს.
მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 26 ოქტომბრის ღამეს მოხდა.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ დას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.