უკრაინის საგარეო უწყება მიუღებელს უწოდებს კონგრესმენ პოლ გოსარის მიერ უკრაინელების "საზარბაზნე ხორცად" მოხსენიებას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რესპუბლიკელი კონგრესმენისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამოაზრის, პოლ გოსარის ბოლოდროინდელ განცხადებას უკრაინელების მისამართით. კონგრესმენმა უკრაინელებს უწოდა "საზარბაზნე ხორცი" რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში.
ამ დღეებში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პოლ გოსარმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები არიზონაში მიიწვია "სამშვიდობო მოლაპარაკებების" გასამართავად. "მსოფლიომ საკმარისი სიკვდილი და განადგურება დაინახა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები, როგორც ჩანს, გულგრილად უყურებენ უკრაინელების, როგორც საზარბაზნე ხორცად გამოყენებას და არ არიან დაინტერესებულნი დეესკალაციით", - აღნიშნა პოლ გოსარმა.
"უკრაინელთა შედარება "საზარბაზნე ხორცთან" აშშ-ის კონგრესის წევრ პოლ გოსარის მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. აშშ-ში კარგად იციან ფასეულობები, რომლისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი - თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. უკრაინისათვის დახმარების ეჭვის ქვეშ დაყენება ეს ნიშნავს პუტინისთვის მწვანე შუქის ანთებას, განაგრძოს უკრაინელების მკვლელობა და დემოკრატიის განადგურება", - დაწერა ფეისბუკში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ
პოლ გოსარი ერთ-ერთია იმ რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის, რომლებმაც ვითომცდა "კონფლიქტი რომ არ დაეფინანსებინათ", მხარი არ დაუჭირეს უკრაინისათვის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფას.