სომხეთში საქართველოდან ჩავლენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები
დღეს, 17 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს სომხეთშიც გაგზავნიან.
სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განლაგების შესახებ შეთანხმება ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში გამართულ მოლაპარაკებაზე მიიღეს. მასში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის და ევროპის კავშირის ხელმძღვანელები. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თავისი ვალდებულების ერთგული რჩება.
„ევროკავშირის 40-მდე ექსპერტ-დამკვირვებლის განთავსება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, მიზნად ისახავს ნდობის გამტკიცებას არასტაბილურ ვითარებაში, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგება ადამიანების სიცოცხლე და კონფლიქტის მოგვარების პროცესი ირღვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ევროკავშირის სრული ერთგულების სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის საბოლოო მიზნის მისაღწევად“, - თქვა ბორელმა.
ექსპერტები სომხეთში საქართველოდან გაემგზავრებიან. აქ ისინი 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იმყოფებიან, 200-წევრიანი სამოქალაქო მისიით. ექსპერტები საქართველოში განთავსებული მისიიდან მაქსიმალურად სწრაფად შეუდგებიან სომხეთში მუშაობას. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ამით საქართველოში მოქმედი მისია არ დაზარალდება.
სომხეთში ექსპერტების განთავსების მიზანი იქნება დაკვირვება, სიტუაციის ანალიზი და ანგარიშების მომზადება რეგიონში ვითარების შესახებ. მისია დროებითია და ის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში განლაგდება.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირველი, ტექნიკური შეფასების ჯგუფი სომხეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ისინი შეხვდნენ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსს, სომხეთის თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. მისიის წარმომადგენლებმა ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.