ყირიმთან ახლოს, რუსეთის ქალაქ ეისკში ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი
უკრაინის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან ახლოს, რუსეთის სამხრეთდასავლეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რასაც შენობაში ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეს იყო Su-24-ის ტიპის თვითმფრინავი და ის საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პილოტებმა ევაკუაცია მოასწრეს, და ავარია გამოიწვია ერთ-ერთ ძრავაზე აფრენისას გაჩენილმა ცეცხლმა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თითქოს აფეთქება ხდება და ცეცხლი უკიდია მთელს კორპუსს, პირველიდან მეცხრე სართულამდე.