უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული ცხინვალელების ოჯახის წევრები სასაფლაოს მოწყობაში თანხის მოთხოვნას აპროტესტებენ
ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელებში გაჩნდა პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ცხინვალელი მებრძოლების ჭირისუფლებს საფლავისთვის თანხას ართმევენ. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დაღუპულთა ოჯახებს ათი ათას რუბლს სთხოვენ საფლავის მოსაწყობად. ამ ცნობამ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინფორმაცია კი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ოსური საზოგადოება პასუხს დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვდა. მათი აზრით, „გმირულად დაღუპული მებრძოლების" ოჯახების წევრებს სახელმწიფო მიწას უსასყიდლოდ უნდა უთმობდეს და ამ თემით ხელს არ უნდა ითბობდნენ კონკრეტული პირები.
ინფორმაცია იმდენად რეზონანსული გახდა, რომ „სასაფლაოების მეურნეობის“ ხელმძღვანელმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. ორგანიზაცია „სასაფლაოების მეურნეობა“, ეგრეთწოდებულ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „მოსახლეობის ყოფითი მომსახურების“ დაქვემდებარებაში შედის. სახელმწიფო უნიტარული საწარმოს დირექტორმა ანჟელა ტასოევამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ დაღუპულთა ნათესავებისთვის მიწა არ მიუყიდიათ.
„ეს არის დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია. მე შევამოწმე და მათ ფული გადაუხადეს დაქირავებულ მუშებს და მესაფლავეებს, რომლებიც ახორციელებენ მიწის სამუშაოებს დასაფლავების მოსამზადებლად. დაქირავებული მუშები კერძო პირები არიან“, - დააზუსტა ტასოევამ. მან აღნიშნა, რომ სასაფლაოზე ადგილის გაყიდვა ხდება მხოლოდ მეორე და შემდგომ დაკრძალვაზე, არის შესაბამისი განკარგულება და აქაც ინდივიდუალური შემთხვევებია გათვალისწინებული.
„სასაფლაოზე მიწა უფასოა. გადახდა ხდება დამატებით მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ადამიანები სიცოცხლეშივე ირეზერვებენ", - განაცხადა ტასოევამ. თუმცა არ უარყო, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე მომსახურებისთვის დაღუპული მებრძოლების ჭირისუფლებმა ფული გადაიხადეს. ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის არმიის რიგებში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1000 მოხალისე მებრძოლი და მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცი იმყოფება. თებერვლიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალში 21 დაღუპული ჯარისკაცი და მოხალისე მებრძოლი გადაასვენეს.