უფლებადამცველი ორგანიზაციები გმობენ თეირანის მიერ განხორციელებულ ზეწოლას დემონსტრანტებზე
სამ ათეულზე მეტმა უფლებადამცველმა ჯგუფმა დაგმო თეირანის სისხლიანი ზეწოლა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს. რეპრესიების ფონზე, მთელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მასშტაბი არ იკლებს.
ორგანიზაციები Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი და სხვა ჯგუფები "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავენ ირანის მიერ "მათი კარგად განვითარებული რეპრესიული მანქანების მობილიზაციის" გამო, დემონსტრანტებზე "აღვირახსნილი ზეწოლის" მიზნით.
ოსლოში განთავსებული ორგანიზაცია Iran Human Rights-ი 17 ოქტომბერს აცხადებს, რომ დემონსტრაციებზე განხორციელებულ ზეწოლას ემსხვერპლა სულ მცირე 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ირანის ინფორმაციის მინისტრს, ე.წ. მორალის პოლიციას და სხვა მაღალჩინოსნებს.
უფლებადამცველების თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც მათ მოიპოვეს, აჩვენებს ირანის უსაფრთხოების ძალების თავზარდამცემ ქცევას - ისინი განზრახ და უკანონოდ უხსნიან ცეცხლს დემონსტრანტებს და მათ გვერდით მყოფ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს.
უფლებადამცველი ჯგუფები თვლიან, რომ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ირანისთვის უნდა შექმნას დამოუკიდებელი, საგამოძიებო, საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების მექანიზმი - და ამ საბჭომ უნდა იმოქმედოს სასწრაფოდ, რადგან ირანში ადამიანის უფლებების დარღვევა უმძიმეს მასშტაბებს აღწევს.