ლაშა ფურცხვანიძე: პასუხისმგებლობა ღმერთისგან მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, რა იქნება, არ მაინტერესებს
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გრინსერვის+-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე კიდევ ერთხელ, მესამედ გამოკითხეს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც ჩატარდა შემოწმებითი სამუშაოები.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველგან ასეა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა კითხვები დაუსვევს გამომძიებლება.
“შემოწმებული იყო ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც… მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე და აწი რა პასუხიმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს”.- ამბობს ფურცხვანიძე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრინსერვის+-მა დაიქირავა სამშენებლო ექპერტიზის ბიურო, რომელიც 2022 წლიდან ექსპერტიზის ხელმოწერის გაყალბებისთვის შავ სიაში იმყოფება. ბიურომ ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირებიდან 5 ჩაატარა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.
12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.