ირაკლი ქურასბედიანი: “ლიმანში მძიმე ბრძოლებია. რუსეთის მე-20 არმია ალყაში ექცევა“
![ირაკლი ქურასბედიანი: “ლიმანში მძიმე ბრძოლებია. რუსეთის მე-20 არმია ალყაში ექცევა“](https://gdb.rferl.org/CEE0B6AE-792E-4FB0-A823-59C9EBBB689B_w800_h450.jpg)
"ლიმანში რუსეთის არმიისთვის დიდი ხანია არახელსაყრელად ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ იმის გამო, რომ, ალბათ, ძალიან იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებული, რეალურად არ მიიღეს ზომები. ამიტომ ის, რაც მათ გამოუვიდათ ხარკოვში, კუპიანსკის მიმართულებით, როდესაც [ალყიდან] ძირითადი ძალების გაყვანა მოასწრეს, ამ შემთხვევაში [ლიმანში] ეს აღარ იქნება და მოწინააღმდეგეს ბევრად დიდი დანაკარგი ექნება", - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა პროფესიონალმა სამხედრომ, რომელიც საბრძოლო ამოცანით დონეცკის ოლქში იმყოფება.
მან დაადასტურა რუსი სამხედრო ჟურნალისტებისა და ტელეგრამის პრორუსული არხების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინულ არმიას ალყაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფება.
"გუშინ და დღეს ლიმანში საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიდის და ორივე მხრიდან ალყაში ექცევა [რუსეთის] ეს დაჯგუფება - მე-20 არმია და კიდევ რამდენიმე მათი დანაყოფი. მომავალი ორი-სამი დღე გამოაჩენს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ლიმანში", - აღნიშნა ირაკლი ქურასბედიანმა.
ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, გარდა იმისა, რომ მისი აღების შემთხვევაში უკრაინა შეძლებს ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევას. კიევი კონტრშეტევის მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებს.
დონეცკის ოლქის ამ ქალაქს სეპარატისტული ძალები 2022 წლის მაისიდან აკონტროლებენ.
კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას "რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების" საკითხზე. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.
უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა პუტინმა განკარგულებებით აღიარა 30 სექტემბერს, გამთენიისას, რაც არის შუალედური ნაბიჯი იმისთვის, რათა რუსეთმა უკრაინის ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირება მოახდინოს.
ეს განკარგულებები მსგავსია ნაბიჯებისა, რომლებიც პუტინმა გადადგა ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინ.