ფონ დერ ლაიენი: პუტინმა უნდა წააგოს ეს ომი
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხებით, მას სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს.
„პუტინმა უნდა წააგოს ეს ომი და უნდა თვალი გაუსწოროს მის ქმედებებს – ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია” , – განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასაშუალება Bild-ს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაძლო სამართალწარმოების მიზნით.
„ეს არის ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძველი, რომ ჩვენ ვსჯით ამ დანაშაულებს და ბოლოს და ბოლოს, პუტინი არის პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, წარდგენილი იქნება თუ არა პუტინი ერთ დღეს სასამართლოს წინაშე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა: “მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია”.