ანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრისთვის, აქტივისტების დაჯარიმებას ითხოვს ქუთაისის მერია
მერიის ინსპექციამ სამართალდარღვევათა ოქმი სტიკერების გაკვრის მეორე დღეს, 8 აგვისტოს შეადგინა. მერიამ ოქმს დაურთო თავად აქტივისტების გადაღებული ფოტომასალა და თქვა, რომ დაირღვა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 150-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სხვადასხვა შინაარსის წარწერების გაკვრა აკრძალულია.
მერია სასამართლოსგან ითხოვს, თორნიკე ბარათაშვილსა და გია გოქაძეს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისროთ. მერიის შედგენილი ოქმი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს, 13 აგვისტოს ჩაბარდათ.
ბარათაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერია ამით ცდილობს შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება, რადგან მათთვის მიუღებელია ანტისაოკუპაციო შინაარსის პლაკატები. ის ამბობს, რომ ფურცლები გააკრეს ვანდალურად დაზიანებულ ბოძებზე და შეუძლებელი იყო დამახინჯებულიყო ქალაქის იერსახე.
"ჩვენი დაჯარიმება "ქართული ოცნების" კოლაბორაციონისტული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა. ზონაში, სადაც კედლები გადაჭრელებულია სხვადასხვა შინაარსის სტიკერებით, სადაც ვანდალიზმის ფაქტები არაერთია, 1000-ლარიანი ჯარიმებით მხოლოდ იმიტომ "დაგვასაჩუქრეს", რომ 7 აგვისტოს ანტისაოკუპაციო სტიკერები გავავრცელეთ.
ქვეყნის მართვის ივანიშვილისეული სტრატეგია ითხოვს, ყველაფერი ანტირუსული ისჯებოდეს. ეს მოხდა ჩვენს შემთხვევაში, რაც გაფრთხილებაა სხვისთვისაც“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
მუნიციპალურ ინსპექციაში ამ საკითხის შესახებ კომენტარზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ დღეს შაბათია - დასვენების დღე.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები იერსახის დამახინჯებისთვის მერიამ 2019 წელსაც დააჯარიმა 500 ლარით ქალაქის ისტორიული "თეთრი ხიდის" დაზიანებულ მინაზე მაფრთხილებელი სტიკერების დაკვრისთვის. სამი წლის წინ საქალაქო სასამართლომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ოქმი ბათილად ცნო და იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია.