ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“: ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“
პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართა, ჩამოყალიბდნენ 20 ივნისის აქციის მხარდამჭერთა შეფასებებთან დაკავშირებით.
„ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“. გუშინ ამბობდით, რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო. რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით, რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო. არც თქვენია ეს ხალხი, არც სხვა რომელიმე პარტიის, ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები – მათ გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი და იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი „მესიჯბოქსით“ დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა: „შიშს დიდი თვალები აქვსო.“ დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტულიც სცოდნიათ შეშინებულ ადამიანებს. დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები. რას აკეთებდით მთელი 1 წელი, როდესაც საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა?! შარლ მიშელი თავისი ფეხით ჩამოვიდა, რომ დასრულებული პოლარიზაცია“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მაშინ დაიწყო ფიქრი, როდესაც „ურემი გადაბრუნდა.“
„ერთი კვირის წინ ამტკიცებდით, რომ საოცარი რეფორმები გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული და უნდა მივიღოთ სტატუსიო, მაგრამ როდესაც ჩამოვიდა ძალიან მძიმე დიაგნოზი საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, მერე თქვით, რომ რაღაცები გასაკეთებელი ყოფილა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.