El País-ი: ესპანეთი მზადაა უკრაინას გადასცეს ტანკები
ესპანეთი მზადაა უკრაინას მიაწოდოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და გერმანული წარმოების, Leopard-ის ტიპის ტანკები - წერს ესპანეთში გამომავალი El País-ი, ესპანეთის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ ესპანეთი, რომელიც ამ დრომდე უკრაინას აწვდიდა ტყვია-წამალს, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებს და მსუბუქ იარაღს, მზადაა "თვისებრივი ნახტომი" გააკეთოს და მძიმე შეიარაღების მიწოდება დაიწყოს.
მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მზადება უკრაინისთვის მოკლე რადიუსის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, Shorad Aspide-ის მისაწოდებლად, თუმცა განიხილება Leopard A4-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გადაცემაც, რომლებიც, როგორც იუწყებიან, იმყოფება სარაგოსაში, ესპანეთის არმიის ბაზაზე. საუბარია ტანკების ძველ მოდელებზე - ისინი გერმანიამ ესპანეთს ჯერ კიდევ 1995 წელს მიჰყიდა. გამოცემის თანახმად, შესაძლოა ამგვარი ტანკების 40 ერთეული შეკეთდეს და უკრაინას გადაეცეს. გარდა ამისა, ესპანეთი უკრაინას სთავაზობს სამხედროთა გაწვრთნას ამ ტანკების გამოყენების საქმეში.
El País-ი აღნიშნავს სირთულეებს, რომლებიც შესაძლოა გაჩნდეს ტანკების მიწოდებაში - იმ გარემოებას, რომ ტანკები რემონტს და მოდერნიზაციას საჭიროებს და ამიტომ მიწოდების ვადები ჯერჯერობით ბუნდოვანია.