ღარიბაშვილი: ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ - ილაპარაკა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
„ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს გადავიტანეთ, თანაც სამჯერ: 90-იან წლებში, როცა აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, გვქონდა ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ ჩვენს რეგიონებში და შემდეგ იყო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ვიცით ომის ფასი. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას. და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - თქვა პრემიერმა.
დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, დისტანციურად მონაწილეობდა მოდვოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. ღონისძიებაზე მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მისაღები გადაწყვეტილება იყო.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.