ავსტრიის კანცლერმა და პუტინმა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის საკითხი განიხილეს
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლისა და აზოვისა და შავი ზღვის პორტებში ბლოკირებული უკრაინული ხორბლის ტრანსპორტირების საკითხები.
45-წუთიანი სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ავსტრიის კანცლერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი მზად არის განიხილოს ტყვეთა გაცვლის საკითხი უკრაინასთან, მაგრამ პრობლემა რთულია. ავსტრიის ლიდერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინს სურს ჰქონდეს მყარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც მოლაპარაკებების დროს გამოიყენებს.
კრემლის თანახმად, პუტინმა კარლ ნეჰამერს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც რუსეთი აზოვისა და შავი ზღვის გავლით გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისთვის დგამს.
პუტინმა ავსტრიის კანცლერთან საუბარში "უსაფუძვლო" უწოდა რუსეთის დადანაშაულებას ხორბლის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების შეფერხებაში და თავის მხრივ, ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა დასავლეთის მიერ შემოღებული "ანტიდასავლური სანქციები".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში დიდად არ სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარი, მაგრამ უნდა აღიაროს რეალობა, რომ ეს, ალბათ, საჭირო იქნება ომის დასასრულებლად.
"რა გვსურს ჩვენ ამ შეხვედრიდან? ჩვენ გვსურს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სიცოცხლე.. გვსურს, ავაღორძინოთ სუვერენული ქვეყნის არსებობა მის კუთვნილ ტერიტორიაზე", - განაცხადა 27 მაისს ინდონეზიის ანალიტიკური ცენტრისადმი მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვებსაც "როიტერი" ციტირებს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებისთვის.