თელავში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ორსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მათგან ერთს სხეულზე დაზიანებები აქვს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მსუბუქი ავტომობილიც დაზიანდა.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.