რუსი დიპლომატი: თუ საქმე ბირთვულ სახელმწიფოსთან გაქვს, ქცევის ყველა შედეგი უნდა გათვალო
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ ნატოს მხრიდან პროვოცირების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას.
პოლიანსკიმ ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-ს ინტერვიუ მისცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა 22 მარტს ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება.
Sky News-ის შეკითხვას, მართალია თუ არა პუტინი, როცა დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ბირთვული ომის პერსპექტივას განიხილავს, პოლიანსკიმ უპასუხა, რომ თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას მოახდენს და თავს დაესხმება, რატომაც არა, რუსეთი ხომ ბირთვული სახელმწიფოა. როგორც რუსმა დიპლომატმა თქვა, როცა საქმე ბირთვულ სახელმწიფოსთან გაქვს, საკუთარი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი უნდა გათვალო.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.