ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს: თუკი შეგიძლიათ, დატოვეთ რუსეთი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეების შესახებ ილაპარაკა. პრეზიდენტმა მათ სამშობლოს დატოვებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. და როდესაც ჩვენ ეს გამოგვივა - ეს იქნება გარდაუვალი - თქვენ, სულ მცირე დაინახავთ ერთ რამეს: თქვენს შვილებს უკვე აღარ გაგზავნიან სასიკვდილოდ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ, თქვენ, რუსეთის მოქალაქეები ასევე დაინტერესებულნი ხართ მშვიდობით.
გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოუყევით სიმართლე ომის შესახებ. და, თუკი შეგიძლიათ, დატოვეთ რუსეთი, რადგან არ გადაიხადოთ თქვენი გადასახადები ომისთვის, გააკეთეთ ეს, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში და დაამატა, - განა ეს სისულელე არ არის? თქვენი სახელმწიფო აგროვებს თქვენგან გადასახადებს, რომ თქვენ უბედურებაში ჩაგაგდოთ. რომ მთელი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოგაქციონ. იმისთვის, რომ ადვილი იყოს თქვენი კონტროლი. და მარტივი იყოს ომში თქვენი გაგზავნა სასიკვდილოდ".
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს ემუქრებოდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგია.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.