როკის გვირაბი ისევ ჩაიკეტა - ზვავში რამდენიმე ავტომანქანა მოყვა
ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა 9 მარტიდან 15 მარტამდეც დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო იყო ჩაკეტილი. რამდენიმე დღით მისი გახსნა მოხერხდა, მაგრამ ზვავსაშიშროების გამო საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა ის ისევ დაკეტეს. ოკუპირებულ ცხინვალში უკვე შეიქმნა ფქვილის და საწვავის დეფიციტი.
წინა კვირაში ჩაკეტილი გზის გამო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებთან შეთანხმებით, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ დერეფანი მოაწყო. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ აცამაზ ბესტაუტიმ განაცხადა: „ტრანსკამი უკვე მეექვსე დღეა დაკეტილია, პურის საწარმოში ფქვილის მიწოდება შეფერხებულია და სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „ნეფტეპროდუქტს“ ბენზინი ეწურება. ჩვენ ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებს მივმართეთ, მათ მოაწყვეს დერეფანი. სამი სატვირთო მანქანა ბენზინსა და დიზელის საწვავს რესპუბლიკას მიაწვდის, ასევე პურის ფქვილსაც მოგვაწვდიან“.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი თქმით, ეს დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.