ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანი დატოვა და სავარაუდოდ აღარ დაბრუნდება რუსეთში
ყაზანის „რუბინის" 21 წლის ქართველმა შემტევმა ამ კლუბის მაისურით (და კაპიტნის სამკლავურით) ბოლო თამაში 20 მარტს ჩაატარა, მოსკოვის „ცსკა"-ს წინააღმდეგ და საგოლე პასიც შეასრულა. შემდეგ კი სარაევოში ჩაფრინდა, საქართველოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე.
რუსეთის სპორტულმა გამოცემამ - „სპორტ-ექსპრესმა" ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გაავრცელა, სადაც ქართველი ფეხბურთელი სამი ჩემოდნით დგას.
„კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიემგზავრება, მაგრამ მგონი ბევრი ჩემოდანი მიაქვს. ეს „რუბინიდან" გაქცევა ხომ არაა?" - დაწერა „სპორტ-ექსპრესმა".
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საფეხბურთო ქვეყნის ტიტულოვან კლუბთან, რომლის ვინაობაც მარტის ბოლოს გამჟღავნდება. იქამდე კი, ხვიჩას ორი გასვლითი ამხანაგური მატჩი ელის საქართველოს ნაკრების მაისურით - 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან და 29 მარტს - ალბანეთთან.