გაეროს თანახმად, ომის გამო საკუთარი სახლები უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა დატოვა
რუსეთის მიერ დაწყებული ფართომაშტაბიანი ინტერვენციის გამო უკრაინის მოსახლეობის მეოთხედმა დატოვა საკუთარი სახლები ან ქვეყანა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
2022 წლის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიაზე 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათგან სამ მილიონზე მეტი, გაეროს მონაცემებით, საზღვარგარეთ არის წასული. ექვს ნახევარი მილიონი ადამიანი კი ქვეყნის უსაფრთხო ადგილებში გადაადგილდა.
გაეროს შეფასებით რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვია ევროპაში ყველაზე სერიოზული მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსეთის ინტერვენციის დასაწყისიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვი. დაშავდა თითქმის თხუთმეტი ასეული ადამიანი. სამხედრო ოპერაციის დროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე 200-მდე ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაიჭრა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ირწმუნება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა არტილერიის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლის ადგილებიდან დაღუპულთა შესახებ მონაცემებს დაგვიანებით ღებულობენ. გაეროს მისიის თანამშრომლებს არ შეუძლიათ განადგურებული ადგილების მონახულება და იქ დაზარალებულებთან და თვითმხილველებთან გასაუბრება. სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ღია წყაროების მონაცემებს, რომელთა გადამოწმება ყოველთვის არ არის შესაძლებელი საომარ პირობებში.