მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში ომის გარშემო სატელეფონო საუბარი გამართეს
18 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც უკრაინის ქალაქ მარიოპულის გამო მაკრონმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა.
მარიუპოლი ალყაშემორტყმულია და ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. 16 მარტს დაიბომბა დრამის თეატრი, რომელშიც ასეულობით მოქალაქე აფარებდა თავს. გავრცელებული ცნობით, 130-მდე მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა, დანარჩენები კვლავ ნანგრევებს ქვემოთ არიან.
პუტინმა და მაკრონმა განიხილეს უკრაინაში ომის ვითარება და პუტინმა ფრანგ კოლეგას გააცნო მოსკოვის მიდგომა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით შესაძლებელი შეთანხმების თაობაზე. ამ ცნობას კრემლი ავრცელებს. კრემლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის შეშფოთების საპასუხოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ „ რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც საგანგებო ოპერაციაში მონაწილეობენ, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის. რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვან“.
პუტინმა კრემლის თანახმად, ამ საუბარში უკრაინას ბრალად დასდო „ომის დანაშაული.“ მისი თქმით, უკრაინის ძალები ცეცხლს უშენენ დასახლებულ პუნქტებს დონბასში.