დაიწყო ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი უკრაინის და ეკონომიკის საკითხების გარშემო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დაიწყეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ეხება უკრაინაში რუსეთის შეჭრას და პეკინის პოზიციას მის მიმართ.
თეთრმა სახლმა და ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადეს, რომ საუბარი ვაშინგტონის დროით 9 საათზე დაიწყო.
ამ საუბრის წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“.
ბაიდენი და სი ისაუბრებენ ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონკურენციის გარშემო. სატელეფონო საუბარი დაიგეგმა 14 მარტს თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის და ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური მრჩევლის, იან ცეჩის მოლაპარაკების შემდეგ.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ სალივანი პირდაპირი იყო იანის მიმართ და განუცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის დახმარებას შესაძლო შედეგები მოჰყვება ჩინეთისთვის.
ჩინეთმა და რუსეთმა ბოლო წლებში გააქტიურეს ორმხრივი კონტაქტები. ჩინეთმა პირდაპირ არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში, რასაც ვაშინგტონის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა გააძლიერა დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთმა შესაძლოა საბაბად გამოიყენოს უკრაინაზე ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღით თავდასხმისთვის. ასევე მოიპოვება ცნობები, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა. მოსკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას.
იანთან შეხვედრაზე სალივანმა მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა რუსეთის მიმართ პეკინის პოზიციაში და გაიმეორა, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობა, დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს, ძვირად დაუჯდება სი ძინპინის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ბაიდენის ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე ომია, თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი მზერა კვლავაც მიპყრობილია ჩინეთისკენ და თვალყურს ადევნებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთის პრეზიდენტი.