“ვადასტურებ, რომ ეს საკითხი განიხილება” – რუსები ფეხბურთს ტელევიზორშიც ვეღარ უყურებენ?
უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის საფეხბურთო გუნდები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებს ხომ ჩამოაშორეს და მალე, შესაძლოა, მათ ფეხბურთი ტელევიზორშიც აღარ აყურებინონ.
მაგალითად, მსგავს სანქციაზე უკვე ფიქრობს ინგლისური პრემიერლიგა, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმაც საინტერესო განცხადება გაავრცელა.
“ვადასტურებ, რომ ეს საკითხი განიხილება. რუსეთში მატჩების ტრანსლაციის შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე სერიოზულად ვფიქრობთ. ამ თემაზე სწორედ ამ დღეებში ვმუშაობთ”.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამად მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს სხვადასხვა სანქციები დაადეს და ძალიან აქტიურია სპორტული საზოგადებაც. დღე არ გავა, რომ აგრესორი ქვეყანა რომელიმე სპორტულ ღონისძიებას არ ჩამოაშორონ. აი, რუსებისთვის ფეხბურთის ყურების საშუალების ჩამორთმევა კი ახალი ნაბიჯი იქნება.