რასა იუკნევიჩიანე პუტინზე: ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეკრებილ ხალხს დისტანციურად მიმართა ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანემ.
„ჩემო საქართველო, ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ვართ შეკრებილი, სასტიკი ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტის მიწაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას, საშინელი ძალა ემუქრება ევროპული კონტინენტის უდიდეს ნაწილს. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ევროპარლამენტარმა მიმართვის დროს ბოდიშიც მოიხადა: „მე მსურს ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო დასავლელი მეგობრებისა და მოკავშირეების დასარწმუნებლად, რომ ეს საშინელება ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისათვის და ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიისათვის. მე ვერ შევძელი, რომ ეს დროულად გამეკეთებინა“.
იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაც არის. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისა და საქართველოს ევროპული ცხოვრებისაკენ: „ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი. მე ვერ გეტყვით, როდის მოვა დასასრული, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მალე იქნება. მე ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს შესაძლებლობებში იმისათვის, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ“.
ევროპარლამენტის წევრმა ასევე მიმართა რუს ხალხს: „თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის მიერ დაწყებული ომი. მე მესმის, რომ თქვენ თვითონაც მოწამლული ხართ ტყუილით, ზოგი თქვენგანი ციხეშიც კი მოხვდა, მაგრამ შემოგვიერთდით. უკრაინელები თქვენ გამოც იღუპებიან. თავისუფალი რუსეთისთვისაც იღუპებიან. აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი - ეს ევროპული სახელმწიფოებია. იქ ცხოვრობენ ისეთივე ადამიანები, როგორც უკრაინაში. უკრაინამ უკვე გაიღო სისხლი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო და მე ძალიან ვეცდები, რომ ხელი შევუწყო იმ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს გაერთიანებას ერთ ოჯახში. დიდება უკრაინას!“
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თბილისში სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. 4 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სხვებთან ერთად დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.