მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება დაიწყო და მოკლე პროგრამაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ცხრამეტი წლის სპორტსმენმა მსაჯებისგან 65.40 ქულა მიიღო და ოცდაათ მონაწილეს შორის მეათე ადგილი დაიკავა.
დღევანდელი შედეგებით, ლიდერი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი კამილა ვალიევაა, რომელიც გუნდური შეჯიბრების მონაწილეთა დოპინგ-გამოკვლევის შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღებაშია ეჭვმიტანილი და თუ ეს დაუმტკიცდა, გუნდურ ოქროსთან ერთად, ინდივიდუალური შედეგიც გაუუქმდება. სწორედ ამ გაურკვეველი ვითარების გამო, ქალთა თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი სპორტსმენის ნაცვლად ოცდახუთი მიიღებს მონაწილეობას.
თავისუფალი პროგრამა 17 თებერვალს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.