მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თანაგუნდელის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ის წერს, რომ უჩნდება უსამართლობის განცდა, როდესაც მსგავსი პოლიტიკური დევნის მაგალითს ხედავს.
„უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ - არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა. ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!“- წერს მამუკა ხაზარაძე.
დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამ ოპოზიციონერი დეპუტატს, შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შეფასებისას, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით მის პოლიტიკურ ბრძოლას ვერ შეასუსტებენ.
"ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ, არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ დააზიანებს, არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.