ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ
ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ღონისძიების გამართვა 4 მარტის ღამეს, 00:00 საათიდან შეიძლება. კლუბებში დაიშვება მხოლოდ შესაძლო რაოდენობის 60 პროცენტი.
"როგორც ცნობილია, "ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლებას კლუბ "ხიდის" წარმომადგენელმა უთხრა, რომ მთავრობისგან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ღონისძიებაზე მოსახვედრად კვლავ საჭიროა ბოლო 6 თვეში აცრის ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი ან ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოში დიდ ღამის კლუბებს ღონისძიებები 15 იანვრის შემდეგ, "ომიკრონის" შტამის გავრცელების საფრთხის გამო აღარ გაუმართავთ.
საქართველოს ღამის კლუბების ბიზნესის წარმომადგენლებმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო მუშაობა 2020 წლის მარტიდან შეაჩერეს, მათ მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღით 2021 წლის ბოლოს განაახლეს.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 480 841 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.