უნგრეთი უარყოფს, რომ ორბანმა ევროკავშირიდან შესაძლო გასვლაზე მიანიშნა
უნგრეთის მთავრობამ 13 თებერვალს უარყო მოსაზრება, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლაზე მიანიშნა, წინა დღით გამართული საარჩევნო აქციის დროს.
ორბანის პრესმდივანმა, ზოლტან კოვაჩმა ტვიტერით დაწერა, რომ გერმანიის სააგენტო dpa-ს "შეეშალა". კოვაჩის თქმით, "პრემიერ-მინისტრ ორბანს არ გაუკეთებია მინიშნება ევროკავშირის დატოვებაზე... ჩვენ, ჩვენი მხრივ, გვინდა ევროკავშირი ერთიანად შენარჩუნდეს... ევროკავშირს მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი ის ერთიანობას შეინარჩუნებს".
სააგენტო dpa-ის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ამბავს სათაურად ეწერა "ორბანი მიანიშნებს ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობაზე". 3 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გამართულ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირი აწარმოებს "წმინდა ომს, ჯიჰადს" უნგრეთის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის ლოზუნგის ქვეშ. ბუდაპეშტში თავშეყრილ მხარდამჭერებს ორბანმა უთხრა, ევროკავშირმა უნგრეთის მიმართ "ტოლერანტობა" უნდა აჩვენოსო. ამასთან, ორბანი გამოვიდა გაფრთხილებით უკრაინიდან ლტოლვილთა ტალღის შესაძლებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ იქ რუსეთი შეიჭრება. "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მწვავეა" - თქვა მან და დასძინა: "უნგრეთის ინტერესშია პირველ რიგში ომის არიდება თავიდან". თუმცა, ამავე დროს, ორბანი გამოვიდა ევროკავშირის იმ სანქციების წინააღმდეგაც, რომელთა დაწესებასაც ბლოკი მოსკოვს უპირებს, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში.