დავით ზალკალიანი: უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია არ მოხდება და საელჩო აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თუკი პარლამენტარები უკრაინაში ვიზიტს გადაწყვეტენ, ამაში „რაიმე პრობლემას“ ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ, რომ აქ რაიმე პრობლემა იყოს და თუკი პარლამენტარები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მე ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სირთულე არსებობდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.