რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, შეხვდა თავის ირანელ კოლეგას, ებრაჰიმ რაისის, მოსკოვში, 19 იანვარს, საერთაშორისო მოლაპარაკებების ფონზე, რომლებიც მიმართულია ვენის ბირთვული შეთანხმების განახლებისკენ თეირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის.
რაისიმ, კონსერვატორმა სასულიერო პირმა, რომელიც გასულ წელს აირჩიეს, განაცხადა, რომ მან წარუდგინა მოსკოვს პროექტები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შემდგომი ორი ათწლეულისთვის.
რაისიმ განაცხადა, რომ ირანისთვის "რუსეთთან კავშირების გაფართოების შესაძლებლობა უსაზღვროა“.
მოსკოვს და თეირანს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აქვთ და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეები არიან სირიის ათწლეულის მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო ომში. პუტინი მიესალმა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.
შეხვედრის წინ, კრემლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც ირანს გაუუქმეს ეკონომიკური სანქციები დასავლეთის მხრიდან - თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
2015 წლის შეთანხმებამ რღვევა დაიწყო 2018 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცალმხრივად გამოიყვანა შეერთებული შტატები შეთანხმებიდან და თავიდან დააწესა სანქციები, რამაც თეირანს თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ უბიძგა.
გასული წლის შემდეგ, შეთანხმების განახლების შესახებ ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ შეთანხმების სხვა წევრებთან - საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და გერმანიასთან და მათი მეშვეობით, არაპირდაპირ, აშშ-თან. მოლაპარაკებები დაახლოებით ხუთი თვით იყო შეჩერებული რაისის არჩევის შემდეგ.