რუსეთის საფონდო ბაზარზე 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნება
რუსეთის საფონდო ბაზარზე 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღინიშნება.
სამშაბათს, 18 იანვარს, მოსკოვის ბირჟის ინდექსი ვაჭრობის დასრულებისას 3328 პუნქტამდე, ანუ 6,5%-ით დაეცა.
RTS-ის ინდექსი, რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის მთავარი ინდიკატორია, 1367 პუნქტამდე, ანუ 7,29%-ით დაეცა. უკანასკნელად RTS-ი 2020 წლის თებერვალში იყო 1400 პუნქტზე დაბლა.
რუსეთის უმსხვილესი კომპანიების, „გაზპრომის“, „სბერისა“ და „იანდექსის“ აქციები ასევე დაეცა საშუალოდ 10%-ით.
ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აქციები იაფდება გეოპოლიტიკური დაძაბულობის, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთმა დიდძალ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სრულფასოვანი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. კრემლი უარყოფს ამას.