ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სიებში შეიძლება ისევ იყვნენ "ახალი" და "ძველი" გარდაცვლილები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში შესაძლოა საარჩევნო სიებში ისევ იყვნენ "ახალი" და "ძველი" გარდაცვლილი ადამიანები. ამის შესახებ მან ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ონლაინმედიისა და სხვა ტიპის მედიების წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
"არათუ 2015 წელს, 2008, 2011, 2012, 2007 და ა.შ. სხვადასხვა წლებში გარდაცვლილი პირები შეიძლება იყვნენ სიაში. იქნებიან მანამ, სამწუხაროდ, სანამ მათი ამოღება და გარდაცვალების დადასტურებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ექნებათ შესაბამის უწყებებს - მუნიციპალურ ორგანოებს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს და ა.შ.
როცა პირი გვეუბნება, რომ პირი გარდაცვლილია და ამოიღეთ სიიდან, ბუნებრივია, ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია, რადგან არ არის ის იურიდიული მოცემულობა, როდესაც ჩვენ შეიძლება ვიღაცას ვენდოთ - ამას კანონი არ ითვალისწინებს... მანამ, სანამ არ მოხდება პირის გარდაცვალების შესახებ ფაქტის დადგენა შესაბამისი უწყებების მიერ, მანამ ასეთი პირები იარსებებენ სიაში", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
რამდენიმე დღეში, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. წელსაც არის საუბარი, რომ საარჩევნო სიებში არიან გარდაცვლილი პირები, რაც დაადასტურა ცესკოს თავმჯდომარემაც.