ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალი სიმბოლურად გადასცემს მეთაურობას მემკვიდრეს, თალიბანი ტერიტორიულ წარმატებას აღწევს
ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალმა 12 ივლისს მეთაურობა სიმბოლურად გადასცა მემკვიდრეს, რომელსაც შტატბინა აშშ-ში ექნება. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ქვეყანაში აშშ-ის 20-წლიანი ყოფნის დასრულებამდე.
გენერალმა სკოტ მილერმა ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაურობა გადასცა სიმბოლურად სამეთაურო ცენტრის (CentCom) სარდალს, საზღვაო ქვეითთა ჯარის გენერალს, ფრენკ მაკკენზის, რომელიც ფლორიდიდან იმუშავებს. ცერემონია ქაბულში გაიმართა.
მაკკენზი მეთვალყურეობას გაუწევს ავღანეთის სახელმწიფო თავდაცვითი ძალების დაცვის მიზნით შესაძლო საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, 31 აგვისტომდე, როცა უნდა დასრულდეს აშშ-ის ჯარების საბოლოო გაყვანა.
მეთაურობის სიმბოლური გადაცემა მოხდა მას მერე, რაც 1 მაისს აშშ-ის ჯარის გაყვანის დაწყებიდან თალიბებმა ავღანეთში დაიკავეს ქვეყნის 423 რაიონის მესამედი. არსებობს საშიშროება, რომ ქაბულში მოქმედი მთავრობა ამის გამო დაემხობა. პროვინციების საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ვითარება „ძალიან კრიტიკულია“. 12 ივლისს თალიბებმა ალყა შემოარტყეს ღაზნის პროვინციის დედაქალაქს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.
გავრცელებული ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში, სადაც ტრადიციულად თალიბებს მტკიცე პოზიცია აქვთ.
შიდაავღანური მოლაპარაკება ქაბულსა და თალიბებს შორის, რომელიც ყატარში იმართებოდა, ჩიხში შევიდა და წინსვლის გარეშე შეწყდა.