უცნობია, როდის ამუშავდება ვაქცინებზე რეგისტრაციის ვებგვერდი
უცნობია, როდის ამუშავდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, რომელზეც ვაქცინებისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას SMS შეტყობინებით უპასუხა ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე და აცნობა, რომ "გაკეთდება განცხადება პროცესებთან დაკავშირებით". ინფორმაციას არ ფლობენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორები - 1522-ზე დარეკვის დროს მოქალაქეებს ურჩევენ, რომ ვებგვერდი ხშირად შეამოწმონ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოფარმის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია გვიანდება. რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა "ტექნიკური განახლების" გამო არ იწყება.
ვებგვერდზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლის დროს ჩნდება წარწერა:
"გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი". გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება.