ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს ადანაშაულებს საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევაში
![ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს ადანაშაულებს საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევაში](https://gdb.rferl.org/648b543c-e146-4080-b3ce-f867bd9d90e0_w800_h450.jpg)
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ე.წ. საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
„სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოების მონაცემებით, პირველი იანვრიდან 4 აპრილის პერიოდში, რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა უცხოეთის საჰაერო ხომალდების 133 გაფრენის ფაქტი 9 000 მეტრის სიმაღლეზე. მათ შორის, იანვარში 35 შემთხვევა, თებერვალში - 69, მარტში - 28, აპრილში კი - ერთი. საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია მოცემული ფრენების ფაქტებით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას პოტენციურ საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
„რესის“ ინფორმაციით, უწყება ამ ფაქტებს უკავშირებს 2020 წლის 8 დეკემბრიდან საქართველოს მიერთებას ევროპის ერთიანი საავიაციო სივრცის შეთანხმებასთან.
„ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო ცდილობს გამოიყენოს აღნიშნული შეთანხმება პოლიტიკურ ინსტრუმენტად თავისი უკანონო პრეტენზიების ლეგიტიმაციისთვის“, - აცხადებენ დეფაქტო უწყებაში.